საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მსურველთათვის

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ!

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობა/ბინადრობის მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რისთვისაც აუცილებელია დაინტერესებული პირის საკონსულოში პირადი გამოცხადება (გამონაკლისია 9 წლამდე ასაკის ბავშვები).

პასპორტი გაიცემა საკონსულოში გამოცხადებიდან 45 დღეში. დოკუმენტაციის წარსადგენად წინასწარ  უნდა დანიშნოთ ვიზიტი შემდეგ ვებ გვერდზე : www.geoconsul.gov.ge

 

პასპორტის ღირებულებაა სრულწლოვანისათვის - 115.70 ევრო, ხოლო 18 წლის ასაკამდე არასრულწლოვანისათვის - 57.95 ევრო. აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ BBVA ბანკში არსებულ 0182 0206 30 02015 48 996 ანგარიშზე. გთხოვთ გადახდის ქვითარში მიუთითოთ იმ პირის სახელი და გვარი, რომელზედაც გაიცემა პასპორტი.

პასპორტის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

არასრულწლოვანი

სრულწლოვანი

არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია საკონსულოში ერთ-ერთი მშობლის პირადად გამოცხადება

ძველი პასპორტი, ორიგინალი.

დისკზე ჩაწერილი ბავშვის ბიომეტრიული ფოტოსურათი*

ბავშვის დაბადების მოწმობა **

ბავშვის ძველი პასპორტი, ორიგინალი

ორივე მშობლის თანხმობა ***

ორივე მშობლის პასპორტის ასლი

მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი

თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი. ცნობის გაცემა შესაძლებელია მოითხოვოთ ინგლისურ ენაზე. ესპანურენოვანი ცნობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება. ****

 

*ბიომეტრიული ფოტო არის თეთრ ფონზე სპეციალური განათებით გადაღებული 3,5x4,5 სურათი, სადაც ადამიანის სახის გამოსახულება იკავებს 80%-ს. დისკზე ჩაწერილი ბიომეტრიული ფოტოს წარდგენა საჭირო არის 9 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის.

**თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ ორიგინალი ან ასლი.

თუ დაბადების მოწმობა გაცემულია ესპანეთში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ  აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობის ორიგინალი (რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო რეესტრის ფილიალებში გაიცემა) ან ქართულ/ინგლისურ ენაზე ოფიციალურად თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული დაბადების მოწმობა.    

***მშობლების თანხმობა შესაძლებელია გაკეთდეს საკონსულოში ორივე მშობლის პირადად გამოცხადებისა და მათ მიერ საკუთარი მოქმედი პასპორტების წარმოდგენის საფუძველზე. ეს მომსახურება უფასოა.

თუ ერთ-ერთი მშობელი ვერ ახერხებს საკონსულოში პირადად გამოცხადებას, წარმოადგინეთ ადგილობრივი ნოტარიუსის მიერ გაცემული ქართულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული თანხმობა, ან თანხმობა განაცხადეთ დისტანციურად (www.sda.gov.ge) ერთი მშობლის მიერ განაცხადის საკონსულოში წარდგენის შემდეგ.

****იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს პასპორტი დაკარგული აქვს, მან უნდა წარადგინოს შესაბამისი განცხადება პოლიციიდან (Denuncia de la perdida de documentos/objetos) ინგლისურ ენაზე. ესპანურენოვანი ცნობის  შემთხვევაში,  უნდა მოხდეს მისი ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და  სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმება.