საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები ბარსელონაში
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ბარსელონას საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.
29-30 მაისს, ბარსელონას წმიდა ნინოს სახელობის სამრევლოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოელოცათ სიწმინდეები -„ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი“ და ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებელისა და სალოსის ხატი და წმინდა ნაწილები. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსია.
შეხვედრებზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა, ლუკა ფალავანდიშვილმა, მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ კომახიძემ და ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბექა ზარანდიამ.