პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება
2026 წლის 24-25 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ,,ჩემი ქართული სკოლა” ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში, ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში, გამარჯვებული პროექტის „აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო და ციფრულ ინიციატივას, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, რელიგიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, სკოლის ციფრული რესურსებით აღჭურვასა და საგანმანათლებლო პლატფორმის — „საქართველოს ინტელექტუალური ციფრული რუკის“ შექმნას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ოთხ ენაზეა წარმოდგენილი და როგორც სკოლის მოსწავლეთათვის, ასევე საქართველოს საფუძვლიანად დაინტერესებული ადამიანებისათვის არის ხელმისაწვდომი (www.geodiscover.ge).
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსმა, ინგა კიკვაძემ და ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ბექა ზარანდიამ.
უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს საგრანტო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბარსელონაში, საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქში, 2026 წელს 11 პროექტი დაფინანსდა.
