მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით ქალაქ ბარსელონაში (ესპანეთის სამეფო) საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, საკონსულოს დაფარვის ოლქში საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ჰუმანიტარული, კულტურული და სამეცნიერო კავშირები, ტურიზმი, სპორტი, დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა.
გენერალური საკონსულოს დაფარვის არეალს წარმოადგენს ესპანეთის სამეფოს შემდეგი რეგიონები: ასტურია, კანტაბრია, ბასკეთი, ნავარა, არაგონი, კატალონია, ვალენსიას კომუნიდადი და ბალეარის კუნძულები.
გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდი, აგრეთვე, სოციალური პლატფორმა Facebook-ის ოფიციალური გვერდი საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობას, მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთის სამეფოში არსებულ საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.
აქვე მსურს მადლობა გადავუხადო, ქ. ბარსელონაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულებს პაატა პაპუაშვილს, ქეთევან გოგოლაშვილს და ალექსანდრე ჭკუასელს, ასევე წლების განმავლობაში, საკონსულოში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისა და ნაყოფიერი საქმიანობის გამო, როგორც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ გაწეული მაქსიმალური დახმარებისა და ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
ჩვენო თანამემამულენო! პირადად მე, როგორც საქართველოს გენერალური კონსული, ასევე გენერალური საკონსულოს თითოეული თანამშრომელი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაქსიმალურ დახმარებას და თანადგომას გაგიწევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა დავიცვათ თქვენი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ბექა ზარანდია
საქართველოს გენერალური კონსული
ქ.ბარსელონა